Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: შეცდომაა სააკაშვილის გამო ელჩის გამოძახება


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეცდომაა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოძახება თბილისში საკონსულტაციოდ რეფორმების ეროვნულ საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო.

ამის თაობაზე იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. „ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში არ გამოვიძახებთ არც საკონსულტაციოდ ჩვენს ელჩს, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“, თვლის უკრაინის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ „ეს ქართული მხარის შეცდომაა“, კონსულტაციების შემდეგ „ყველა მხარე მიხვდება, რომ ყველა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ამ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“.

ზელენსკი ამბობს, არავის მინდა ვაწყენინოო და მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის საშინაო პოლიტიკაა: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, მე - უკრაინის პრეზიდენტი ვარ და დავნიშნე ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, სულ ეს არის“.

ზელენსკი ამ განცხადებით, რომელიც ლუგანსკში გააკეთა, გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის 8 მაისს ნათქვამს, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG