Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: 12 მაისიდან დაიწყება შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქება


რუსეთმა „მიაღწია შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქებას“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის ყველა რეგიონის, ასევე ფედერალურ უწყებების ხელმძღვანელები.

პუტინის თანახმად, ეგრეთ წოდებული თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღებამ და არასამუშაო დღეებმა შესაძლებელი გახადა ინფექციის გავრცელების შეჩერება.

ამის ფონზე 11 მაისს რუსეთში გამოვლინდა ახლად ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 11 ათასზე მეტი.

პუტინის აზრით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიზეზი, სხვათა შორის, ტესტირების გაფართოებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მარტის ბოლოს თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღებამ შესაძლებელი გახადა დროის მოგება, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებულიყო ეპიდემიის უმაღლესი წერტილისთვის. პუტინის თქმით, ამით შესაძლებელი გახდა ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არასამუშაო დღეების რეჟიმი 12 მაისიდან აღარ გაგრძელდება რუსეთის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით, 12 მაისს სამრეწველო საწარმოები მუშაობას განაახლებენ.

პუტინი აპირებს ბიზნესში დაკავებული მოქალაქეების ხელშეწყობის პაკეტის ამოქმედებას. მან გამოაცხადა შეღავათიანი კრედიტების გაცემის შესახებ იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არ შეამცირებენ თანამშრომლების რიცხვს. ის ინდივიდუალურ მეწარმეებს დაპირდა გადასახადების შემცირებას.

ამასთან, ორჯერ გაიზრდება ბავშვის მოვლისთვის დახმარების მინიმალური ოდენობა. ხოლო ოჯახებს, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, სამი თვის განმავლობაში გადაუხდიან 5-5 ათას რუბლს. ოჯახებს, რომლებსაც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ერთჯერადი დახმარების სახით გადაუხდიან 10 ათას რუბლს.

კარანტინის გაუქმების კონკრეტულ გრაფიკს რეგიონული ხელისუფლებები შეიმუშავებენ.

პუტინმა განაცხადა ასევე, რომ შეზღუდვების შერბილება უნდა მოხდეს საფეხურებრივად. „შეზღუდვის რეჟიმიდან გამოსვლა სწრაფად არ მოხდება“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მოუწოდა ხანშიშესულ პირებს, დარჩნენ შინ. მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი ღონისძიებები კვლავაც აკრძალულია.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა რუსეთში 220 ათასია, დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყველაზე სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამ ქვეყანაში კოვიდით დაღუპულთა შედარებით ნაკლები რაოდენობაა და სიკვდილიანობის პროცენტი 0,9 უდრის. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დაღუპულების ნამდვილ რიცხვს რუსეთი არ ამხელს, ხოლო სხვები ვარაუდობენ, რომ ტესტირებულების რაოდენობაა არასწორი.

შედარებისთვის: იტალიაში 11 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა 219 070 შემთხვევაა აღნუსხული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 30 560-ია, იტყობინება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი. საფრანგეთში ამ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 177 ათასს აღემატება, ხოლო ინფექციას ემსხვერპლა 26 383 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG