Accessibility links

„თბილისი პრაიდი“: 17 მაისს გიწვევთ ონლაინდემონსტრაციაზე


ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდი“ იმ პირობებში, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, მოქალაქეებს 17 მაისს, 18:00 საათზე ონლაინდემონსტრაციაზე იწვევს.

ღონისძიების ორგანიზატორები სათქმელს „ფეისბუკზე“ რამდენიმე პუნქტად აყალიბებენ:

  • მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო.
  • ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია არის საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა. არა მხოლოდ მათი, ვისაც კლავენ, ვისზეც ძალადობენ ან სახლიდან, თუ სამსახურიდან აგდებენ, არამედ მათიც, ვისაც სიძულვილი და დისკრიმინაცია, ადამიანების დაცინვა და დამცირება დასაშვებ ქმედებად, ნორმად მიაჩნია. და მათიც, ვისაც თავი ჰომოფობად არ მიაჩნია, მაგრამ არ სურს, ქვიარ ადამიანები საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავებულია.
  • კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად გვიჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვით არის შესაძლებელი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო! გაერთიანება სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური დისტანცირების პირობებშიც კი.
  • ამ ეტაპზე, ეს ორივე მოვლენა, ჰომოფობიაც და COVID-19 პანდემიაც მილიონობით ადამიანს იზოლაციაში გვამყოფებს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ჰომოფობიაც პანდემიაა და ისევე როგორც პანდემია, ჰომოფობიაც აუცილებლად დასრულდება!

რაც შეეხება ონლაინდემონსტრაციის ჩატარების დეტალებს, „თბილისი პრაიდის“ ცნობით, ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე: „როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები“ და სხვ.

2019 წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 8 ივლისს, საღამოს 7 საათზე, შსს-ს შენობასთან, კახეთის გზატკეცილზე შედგა. მარში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 20-მდე სამოქალაქო აქტივისტმა და ლგბტ თემის წარმომადგენელმა მიიღო. როგორც მოგვიანებით ორგანიზატორებმა აღნიშნეს, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების - ღირსების მარშის გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ჰომოფობიური ჯგუფებისგან მათ დაცვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG