Accessibility links

EMC: 2 წელი ღამის კლუბების სპეცოპერაციიდან, ნარკოპოლიტიკის რეფორმის პირობა არ სრულდება


ორი წელი გავიდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელსაც საზოგადოების დიდი პროტესტი და, საბოლოოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის საჯარო დაპირება მოჰყვა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მისი დანაპირები არ შეასრულა და ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებზე მსჯელობის ორწლიანი შეჩერების ფონზე, დღემდე უპასუხოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურ და უსამართლო სასჯელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ელოდებიან.

მოქმედი არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შედეგად კი, EMC-ის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით:

  • სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4591 პირის მიმართ;
  • გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3127 პირის მიმართ, მსჯავრდებულებს ავტომატურად ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები;
  • 600 ადამიანი სასჯელს იხდის საპატიმროში;
  • 258 მსჯავრდებულს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილები)
  • პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი, რომელთაც შეზღუდული აქვთ დასაქმების, ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

ორგანიზაციის თანახმად, რეფორმის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების ფონზე, განსაკუთრებით მძიმე იმ ადამიანთა უპასუხოდ დატოვებაა, ვინც ნარკოპოლიტიკის ცვლილებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე ელოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოითხოვს:

  • ხელისუფლებამ დროულად განაახლოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე;
  • აქტიურად იქნას გამოყენებული შეწყალებისა და ამნისტიის მექანიზმები იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის მრავალწლიან სასჯელებს იხდიან.

2018 წლის 12 მაისს ღამით კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ შევიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე.

შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ.

ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის“, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG