Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC აჭარის ტელევიზიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას კრიტიკული აზრის დევნად აფასებს


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ფაქტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არა მხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა.

EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გოგა კოხრეიძემ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო „პოსტის“ გამო მიიღო. „რეხვიაშვილი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა. თეონა თურმანიძე მაუწყებლის დირექტორმა ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული საჯარო პოსტის გამო ტელეეთერს ჩამოაშორა და მალხაზ რეხვიაშვილმა, თეონა თურმანიძესთან ერთად გამოთქვა მოსაზრება, რომ თეონა თურმანიძის დისციპლინური დევნა დირექტორის იმ ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომელიც მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის ახალ წესებს ადგენს და გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG