Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ნიკა გამყრელიძეს პასუხობს


„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ნიკა გამყრელიძეს ეროვნული ბანკმა განცხადებით უპასუხა. „ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს”, - ვკითხულობთ ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკი COVID - 19-ის ფაქტორის გამოყენების შესახებ მიუთითებს. „პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვეო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID - 19-ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიიღოს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს“, - მიიჩნევს ეროვნული ბანკი.

განცხადების მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენ მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს.

გადაცემა „საქმიან დილა“-ში ნიკა გამყრელიძემ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „EBRD-ის სესხის დამტკიცებას დაახლოებით იგივე დრო დასჭირდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ პასუხი გაეცა წერილზე. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ძალიან ვწუხვარ ამაზე. ეს პრობლემა კვლავ ჰაერში კიდია, არაფერი არ გადაწყვეტილა, ხაზგასმით შემიძლია, ვთქვა. შემდგომი მიმოწერა და ასე ვთქვათ, ვერბალური კომუნიკაციაც იყო“.

რაც შეეხება ერთ-ერთ სადავო საკითხს, როგორც ნიკა გამყრელიძე განმარტავს, ეროვნული ბანკი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ კვლავ მიიჩნევს „საქართველოს ბანკთან“ ურთიერთდამოკიდებულ პირად.

„მარტივად, რომ ვთქვათ, რეგულატორი ბანკები გვეუბნებიან, რომ ვიღაცის ბიძაშვილი ხართ. რომ ვეუბნებით, რომ გვარი სხვა გვაქვს, არც დედ-მამა და ბებია-ბაბუა არ არიან და-ძმა, მითხარი, რატომ ვართ ბიძაშვილი? პასუხს ვიღებთ, რომ მესამე პირი ხარ და ამას ვერ გეტყვი. რეგულცია, როდესაც ჩვენზე არის განხორციელებული, მესამე პირი როგორ ვართ, არ მესმის“, - თქვა ნიკა გამყრელიძემ.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ასევე მიუთითებს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციის შესახებ, რის გამოც კომპანიას კრედიტის აღების პრობლემა ექმნება. „ამ მხრივ, შემდეგ კომუნიკაცია გვქონდა და დამპირდნენ, რომ ბანკებს ზოგადად შეურბილებდნენ რეგულატორულ მოთხოვნებს, გადაუვადებდნენ ერთი წლით, რომელიც ტექნიკურად ხელმისაწვდომობას გახსნიდა, მათ შორის, ჩვენთვისაც, ტექნიკურად გაიხსნა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წლით მოხდა გადავადება, ყველა ბანკი გვეუბნება, რომ ერთი წლით გადავადდა, ახლა, რომ „დაგაკრედიტო“, ისევ ამ რეგულაციაში მოვყვები და ისევ შევიზღუდები. ამიტომ, აზრი არ აქვს. მარტივად, რომ ვთქვა, თავიდან მოგვიშორეს“, - აღნიშნავს ნიკა გამყრელიძე. მისი შეფასებით, ინსტიტუტი [ეროვნული ბანკი], რომელსაც გაცილებით დიდი მაკროეკონომიკური ბერკეტები აქვს (მონეტარული პოლიტიკა - ფულის მასის კონტროლი, ბანკების რეგულაცია, რომელსაც შეუძლია, განსაზღვროს რომელმა ბანკმა, ვის, რამდენი, რა საპროცენტო განაკვეთით მისცეს სესხი), ვიდრე მთავრობას, „არის ასეთი დახურული და დისკრეციული გადაწყვეტილებებში“.

ნიკა გამყრელიძემ დააზუსტა: „ე.წ. ბიძაშვილ ბანკთან [„საქართველოს ბანკთან“] არ მქონია პრობლემა, მეორე მსხვილ ბანკთან მქონდა“.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”-ს განმარტებით, „ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, „საქართველოს ბანკისა” და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი სახეზე არ არის.”

bm.ge-ს ცნობით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა”, რომელიც „ევექსის” ჰოსპიტლებს, „ჯი-პი-სი”-სა და „ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია „იმედი L”-ს აერთიანებს, 20 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკს წერილი გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვა ნებართვა, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება „საქართველოს ბანკისგან”.

ბოლოს გამყრელიემ ისიც თქვა, რომ კომპანიას დღეს ლოკალური ბანკების ფინანსურ რესურსზე წვდომა აღარ სჭირდება, რადგან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოიჩინა" მათი ჯგუფის მიმართ.

EBRD-მა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ 25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსება გამოუყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG