Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში აცხადებენ, რომ არ გამოუყენებიათ რუსული წარმოების საეჭვო სამედიცინო აპარატურა


სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფო, სადაც ხანძარმა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი იმსხვერპლა
სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფო, სადაც ხანძარმა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი იმსხვერპლა

აშშ-ში აცხადებენ, რომ კლინიკებში არასდროს გამოუყენებიათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რუსული აპარატი „ავენტა-მ“, რომლის გაუმართაობა სახელდება რუსეთის ორ საავადმყოფოში ხანძრის სავარაუდო მიზეზად.

სააგენტო “როიტერს“-ის ინფორმაციით, აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენეტ მონტეზიმ განმარტა, რომ რუსეთიდან აპრილის დასაწყისში მიღებული აპარატები კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის შტატებში გაიგზავნა, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების კლების გამო, მათი გამოყენება საჭირო აღარ გახდა.

რუსული წარმოების აპარატებს შტატები უბრუნებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, რომელიც აპარატების ბედს გამოძიების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს.

12 მაისს, სანკტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი დაიღუპა. 9 მაისს ხანძარმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმსხვერპლა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაშიც. ორივე შემთხვევაში, სავარაუდო მიზეზად სახელდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აალება.

„ავენტას“ მწარმოებელ ჩელიაბინსკის ქარხანაში აცხადებენ, რომ აპარატები სათანადოდაა შემოწმებული და 2012 წლიდან რუსეთის კლინიკებში უსაფრთხოდ იყენებენ. ეს ქარხანა რადიოელექტრონული ტექნოლოგიების კონცერნის შემადგენლობაშია. კონცერნი ერთ-ერთია იმ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG