Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცხელების ცენტრების“ ნაწილობრივ ამბულატორიულ მომსახურებაზე გადასვლა იგეგმება


ცვლილების შეტანა იგეგმება რეგულაციებში, რომლის თანახმად, COVID – 19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის შექმნილი „ცხელების ცენტრები“ ამბულატორიულ მომსახურებასაც შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხშირად მცირე სიმპტომების მქონე ადამიანები არ მიმართავენ „ცხელების ცენტრებს“, „იმიტომ, რომ არ უნდათ იქ 1-2-3 დღე დაწოლა“. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შიდა განხილვის შედეგად NCDC შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „უპრიანია, ეს უსიმპტომო ან მცირესიმპტომიან პაციენტებში არ გაგვეპაროს რამე. მივცეთ ყველა ადამიანს შანსი, რომ „ცხელების კლინიკებში“ მიბრძანდნენ დილით, აუღონ ნაცხი, დამატებითი გამოკვლევები - რენტგენი, სისხლის ანალიზი გაუკეთონ და მერე წავიდნენ სახლში. კლინიცისტი გადაწყვეტს, თუ საჭიროა, დააწვენენ. თუ ამბულატორიული პაციენტია, მაშინ, ნაცხის პასუხამდე იქნება სახლში. მას დაარიგებენ, რომ იყოს მეტად იზოლირებული. თუ დადებითი აღმოჩნდება, ახლო კონტაქტები გადავლენ კარანტინში, ხოლო თვითონ - კლინიკაში სამკურნალოდ. ამ საშუალებით გვინდა, რომ არცერთი მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანი არ გამოგვრჩეს“.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტოსთან საუბარი შედგა და ცვლილება მალე შევა რეგულაციებში.

13 მაისს, 21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 647დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 372, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4461. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG