Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ჰუმანიტარული დახმარების მიღება მხოლოდ რუსეთის გავლით სურს


როკის გვირაბი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან აკავშირებს
როკის გვირაბი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან აკავშირებს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ონლაინ-კონფერენცია გამართეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელთან პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევთან.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციის მიხედვით, თანათავმჯდომარეები დაინტერესდნენ კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებული სიტუაციით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობით.

დე ფაქტო მთავრობის პასუხია, რომ მადლიერებით მიიღებენ ასეთ დახმარებას, თუ ჰუმანიტარულ ტვირთს რუსეთის ფედერაციის გავლით ჩაუტანენ. საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერ საქმიანობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ეწევიან.

ამ დროისთვის, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას კორონავირუსის 25 შემთხვევა აქვს დადასტურებული, ხოლო აფხაზეთისას - 15.

12 მაისს, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ონლაინ-კონფერენცია გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სათანადო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

საქართველოს მთავრობის მზადყოფნის ფონზე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან ტოივო კლაარმა, რუდოლფ მიხალკამ და ჯიჰან სულთანოღლუმ დისკუსიის მონაწილეებს ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მოუწოდეს, პანდემიის გამო გვერდით გადადონ უთანხმოება და უზრუნველყონ, რომ ტესტირება და მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. თანათავმჯდომარეთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ და რომელ ენაზე ლაპარაკობენ.

ჟენევის დისკუსიის მორიგი, 51 რაუნდი, რომელიც 31 მარტს უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG