Accessibility links

მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების გაგრძელების შესახებ დადგენილება მიიღო


მთავრობის დადგენილება, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მხოლოდ ბოლნისზე გავრცელდება. 23 მარტს მიღებულ დოკუმენტში ახლად შეტანილი ცვლილებები ძალაში 18 მაისიდან შედის, სწორედ, ამ დღეს იხსნება შეზღუდვები მარნეულის მუნიციპალიტეტზე.

14 მაისის ცვლილების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით აიკრძალება შესვლა და გასვლა. შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე. ცვლილება არ შეეხება: სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, აგრეთვე სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ აკრძალული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება (სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით).

ეკონომიკური საქმიანობა კვლავ შეჩერებული იქნება, თუმცა დაშვებული იქნება:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
  • ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

ყველა დაშვებული საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG