Accessibility links

​ინსტრუქცია​: კორონავირუსის გამო სამსახურის დაკარგვის შემდეგ როგორ უნდა მიიღოთ მთავრობისგან კომპენსაცია


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულების დახმარების პროცესი დაიწყო. სიახლეები საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გააცნო.

დაქირავებულები

მოქალაქეები, რომლებიც სამსახურიდან კორონავირუსის პანდემიის გამო გაათავისუფლეს ან უხელფასო შვებულებაში არიან, რეგისტრაციის გავლა არ მოეთხოვებათ. ისინი შემოსავლების სამსახურის ბაზაში ავტომატურად ფიქსირდებიან და მიიღებენ 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარს.

თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულმა 300 ლარიანი დახმარება რომ მიიღოს, 2020 წლის აპრილიდან შემოსავალი არ უნდა უფიქსირდებოდეს. მათ უნდა მიუთითონ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომრები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები

კომპენსაციას თვითდასაქმებული რეგისტრაციის გარეშე ვერ მიიღებს. მან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (moh.gov.ge) განაცხადი უნდა შეავსოს. ყველა ის თვითდასაქმებული, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუს აქვს მიღებული ან ფიქსირებულად დასაბეგრ საქმიანობას ეწევა ან მიკრობზინესის სტატუსი აქვს ან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, არ დასჭირდებათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ისინი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე eservices.rs.ge. განცხადების დამუშავება და კომპენსაციის დარიცხვა 10 დღის ვადაში მოხდება.

არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულები, რომლების არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში დღეიდან 6 კვირის ვადაში უნდა ატვირთოს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოსავლის მიღება. დოკუმენტი უნდა იყოს დათარიღებული და აღბეჭდილი უნდა იყოს მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება მათ შორის, შესყიდვების ან მიღება-ჩაბარების აქტი.

გარდა ამისა, შესაძლებელია 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერის წარდგენა, რომლითაც შემოსავალი დადასტურდება. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა, ან ლიცენზია, რომლითაც მას საქმიანობის უფლება მისცეს. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოსავალი. საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ თანხა 10 დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს მთავრობამ დასაქმებულების დახმარებაზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლებულები, ვინც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, 6 თვეში 1 200 ლარს მიიღებენ, თვითდასაქმებული კი 300-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG