Accessibility links

„სირცხვილია“ მზადაა დაასრულოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერს კახა კალაძეს „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან მიმართავს და ატყობინებს, რომ 20 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ წლისთავზე, მოძრაობა პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს. მანამდე დარჩენილ დროში კი „სირცხვილია“ გამოთქვამს მზადყოფნას, დაასრულოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 5 თვეზე მეტია მიმდინარეობს:

„უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ.

2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბილიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად“, - აღნიშნულია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიმართვაში. მიმართვა „ფეისბუკში“ ორ, ქართულ და იტალიურ ენებზეა გამოქვეყნებული.

თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, გამარჯვებული ერთადერთი პრეტენდენტი, „გრინსერვისი“ გახდა.

ტერიტორია 22 იანვრის ღამიდანაა შემოღობილი მას შემდეგ, რაც ძალის გამოყენებით დაშლილი საპროტესტო კარვების ადგილას მოწყობილი საახალწლო საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისათვის განკუთვნილი დახლები აიღეს.

„ეზოში ავი ქოცია“, „ბიძინას ბოსტანი“ - ეს და საპროტესტო ხასიათის სხვა წარწერები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა ღობეზე. ისინი აცხადებდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მათ პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლიდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG