Accessibility links

იგორ გირკინი: „ჩემი ბრძანებით ხვრეტდნენ უკრაინის მოქალაქეებს“


იგორ გირკინი

უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მან პირადად გასცა ბრძანება სულ მცირე ოთხი უკრაინელი „დივერსანტის“ და რამდენიმე დონბასელი მაროდიორის ადგილზე დახვრეტის თაობაზე.

უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან თითქმის ოთხსაათიან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც იგორ სტრელკოვის სახელითაც არის ცნობილი, დონბასში ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგზეც“ უპასუხა შეკითხვას და განაცხადა, რომ „სახალხო რაზმებს“ არ ჩამოუგდიათ MH17. თუმცა გირკინმა, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება ამ საქმეზე ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს, აღიარა თავი „არაპირდაპირ დამნაშავედ“ და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება.

იგორ გირკინამდე, უკრაინელმა ჟურნალისტმა ტრიბუნა დაუთმო ანექსირებული ყირიმის პროკურორ ნატალია პოკლონსკაიას, რის გამოც დმიტრი გორდონს უკრაინაში კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. 18 მაისის საღამოს, როცა იუთუბის არხზე გადიოდა გირკინთან ინტერვიუ, გორდონის ოფისის წინ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც შენობის წინ ასფალტზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

დმიტრი გორდონმა მოგვიანებით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა, რომ ტერორისტ გირკინთან ინტერვიუ „აიღო უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამეგობრობით“, რაც უკრაინას დაეხმარება ჰააგის სასამართლოზე.

„მეხსიერების ბარათები ამ ინტერვიუს მასალებით ჰააგაშია, პოკლონსკაიას და გირკინის ეს ჩვენება იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მოწმეების ჩვენება ყირიმის ანექსიისა და დონბასში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის საქმეების გარშემო სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში დმიტრი გორდონმა.

19 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურზე (СБУ) დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ დმიტრი გორდონი „თავად არის ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელ ნატალია პოკლონსკაიასა და ტერორისტ იგორ გირკინთან ინტერვიუების ინიციატორი“. ამასთან, СБУ აცხადებს, რომ შეისწავლის ამ პერსონაჟების მიერ გახმოვანებულ ინფორმაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG