Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრები და მხარდამჭერები დააკავა


საქართველოში 13 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებებით. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში დაკავებულ პირებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 23 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი - 62-ის. ოთხი მათგანი წარსულში ნასამართლევია

13 დაკავებულიდან სამს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა, ორს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ექვსს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა და ორს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა.

სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს“.

შსს-ს აქვეყნებს ბრალდებულთა საუბრის ჩანაწერებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG