Accessibility links

მთავრობამ მხარი დაუჭირა ამერიკული ინვესტიციით გურიაში მცირე ჰესის მშენებლობას


საქართველოს მთავრობამ მოიწონა გურიის რეგიონში მცირე ჰიდრელექტროსადგურის, „ბახვი 1“-ის მშენებლობის პროექტი.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიას აცნობა, რომ 12 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდება.

თურნავას განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიზნად ისახავს ადგილობრივი „მწვანე ენერგიის“ გამომუშავებას და სულ მცირე 20 ადამიანის მუდმივ დასაქმებას, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტის ინიციატორია აშშ-ის ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან, „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტთან“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში უკვე მეხუთე პროექტს განახორციელებს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ამერიკელებს საქართველოში თავისი ინვესტიციების გაფართოების სურვილი აქვთ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე. ნათია თურნავას პროექტის ღირებულება არ დაუსახელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG