Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში განიხილეს 1992 წლის შემდეგ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის შესაძლებლობა


თეთრი სახლი
თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გაიმართა მსჯელობა, უნდა ჩაატაროს თუ არა ქვეყანამ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა 1992 წლის შემდეგ.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, აღნიშნული საკითხის თაობაზე საუბარი გასულ კვირაში გაიმართა ქვეყნის უსაფრთხოების უწყებების მაღალჩინოსანთა მონაწილეობით.

ამ საკითხზე მსჯელობა განაპირობა აშშ-ის ეჭვმა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი, ორივე ბირთვული სახელმწიფო, ატარებენ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის ცდებს.

გაზეთის თანახმად, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის მონაწილეებს არ მიუღიათ არანაირი შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოცდის თაობაზე.

ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის შეთანხმება (CTBT)1996 წლის სექტემბერში მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. შეთანხმებით იკრძალება ბირთვული იარაღის ნებისმიერი საცდელი თუ სხვა სახის აფეთქება, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ბირთვული სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება. შეთანხმების რატიფიკაცია არ მოუხდენია აშშ-ს, ჩინეთსა და ისრაელს.

გასულ წელს დიდი შეშფოთება გამოიწვია პენტაგონის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებამ, რომლის თანახმად რუსეთი დაწინაურდა ახალი სტრატეგიული ბირთვული იარაღის შექმნის თვალსაზრისით და შესაძლოა არღვევდეს ბირთვული იარაღის გამოცდის დაუშვებლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG