Accessibility links

უკრაინაში დასრულდა ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის გამოძიება


უკრაინის პოლიციამ დაასრულა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელთა საქმის გამოძიება, რის შესახებაც უწყება ეჭვმიტანილთა დაცვის მხარეს გადაეცა.

ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.

გამოძიება ანტონენკოსა და კუზმენკოს დანაშაულის შემსრულებლად მიიჩნევს, ხოლო დუგარს - მათ თანამზრახველად.

გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.

ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დანაშაული ხანგრძლივ და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. იულია კუზმენკოს ადვოკატი, ტარას ბესპალი, აცხადებს, რომ სასამართლოზე საქმე ხუხულასავით დაიშლება

20 მაისს ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის „სეროზული საკადრო დასკვნებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები უდანაშაულოები აღმოჩნდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG