Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე


საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ ფედერაცია ძალადობის ფაქტს გმობს. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებას.

"აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას. ძალადობის ფაქტს ყველა ადამიანი გმობს. ჩვენთვის, რადგან ყველა ვიცნობთ ნიკას, მისგან წარმოუდგენელი თემაა... როდესაც ქმარი და ცოლი შორდებიან, ყოველთვის არის რაღაც უთანხმოება, მარტო ნიკასთან კი არა, ყველასთან. ვიცოდი, რომ რაღაცა პრობლემა ჰქონდა", - ამბობს ალექსანდრე მეტრეველი.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს, 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც. ის დაკავებული არ არის.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG