Accessibility links

ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხარდაჭერაზე: მიზანი არ ყოფილა მეთქვა, ვინ არის დამნაშავე


ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა არ ნიშნავდა იმას, რომ მან მომხდარში მართალის მხარე დაიჭირა.

„ჩემი მხარდაჭერის მიზანი იყო არა ის, რომ მეთქვა, ვინმე დამნაშავეა თუ არა. ვინაიდან ამის თქმის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს აქვს და ის იტყვის. არამედ ის, რომ გამომეცხადებინა მხარდაჭერა ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალისათვის იმ ვითარებაში, როდესაც მის წინააღმდეგ არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი აგრესია და დაიწყეს მისი დისკრედიტაცია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია„მთავარი არხის“ ეთერში.

მისი განმარტებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ხშირად მეორადი ვიქტიმიზაციის მსხვერპლები ხდებიან და ბრძოლის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, განსაკუთრებით თუ ბრალდებები საჯაროდ ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული პირების მიმართ გაისმის.

"ამ შემთხვევას უყურებს ათასობით ქალი, რომელიც დღეს არის ძალადობის მსხვერპლი და და რომელსაც ეშინია ხმა ა მოიღოს ამის წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსხვერპლმა იგრძნოს, რომ ჩვენ ყველას გვერდში ვუდგავართ და დანარჩენს გაარკვევს სასამართლო", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მხარდაჭერა 24 მაისს გამოუცხადა. ამის შესახებ ლომჯარიამ ფეისბუკზე დაწერა.

"მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!" - აცხადებს ლომჯარია.

ის ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს შეისწავლის.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღარებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG