Accessibility links

ანა აბაშიძე: ბასილაშვილის დედას შვილიშვილზე ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი


ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის ანა აბაშიძის განცხადებით. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას ცოტა ხნის წინ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. ამის შესახებ ანა აბაშიძემ ონლაინბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განმარტება, თითქოს, ეს საკითხი არ უკავშირდება მამას, არასწორია, ორი მიზეზის გამო.

„როდესაც დედა ბავშვს უშვებს მეორე მშობელთან, ვინც არ უნდა უნდა იყოს ბავშვთან მიმართებაში კონკრეტილი ფორმის ძალადობის განმხორციელებელი, მამა, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია დაიცვას ბავშვი საფრთხისგან და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ეს არის ძალადობის ფორმა - ამას ჰქვია უგულებელყოფა“, - ამბობს ანა აბაშიძე.

მისი განცხადებით, პოლიციის მიერ ბებიის მისამართით გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც ფსიქოლოგიური ძალადობის გამო იყო გამოცემული, პირველი ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ანა აბაშიძის განცხადებით, სააპალაციო სასამართლოს მოსამართლემ დაუსაბუთებლად და წინასწარგანწყობების ფონზე გააუქმა ორდერი, მაშინ როცა საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები და ბავშვის ჩვენებები არსებობდა.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა უფლების კომიტეტში საჩივრდება, - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

„სწორედ ახლა იწერება ეს საჩივარი, რაზეც სახელმწიფო აგებს პასუხს“, - ამბობს ანა აბაშიძე, რომლის განმარტებითაც, მოსამართლის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დაამძიმა, სავარაუდოდ, ძალადობა და უკვე დედას შეეხო, ფიზიკური სახით.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG