Accessibility links

უფრო შეზღუდული შესაძლებლობები - COVID-19-ის ფარული ეფექტი


ავტორი: ქეთევან მაღალაშვილი

2020 წლის 10 აპრილს, თითქმის თვენახევრის შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19 დაფიქსირდა, შშმ თემის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციებმა მთავრობას წერილით მიმართეს. ამ წერილში ორგანიზაციები შშმ თემის საჭიროებების უგულებელყოფაზე ჩიოდნენ და მთავრობას მათი ინტერესების გათვალისწინებას სთხოვდნენ. 42 ორგანიზაცია წერილში მთავრობას შეახსენებდა, რომ შშმ თემი კრიზისის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და მათ ისევე აქვთ სიცოცხლისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, როგორც ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს.

„არსებულმა ვითარებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: რეაბილიტაცია-აბილიტაციის, დამხმარე საშუალებებით თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფა, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ, დროულად შემუშავდეს და დაინერგოს აღნიშნული სერვისების მიღების ალტერნატიული მეთოდები,“- წერდნენ ორგანიზაციები 10 აპრილს.

ამ თარიღიდან თვენახევრის შემდეგ, როდესაც სოციალური დისტანცირება ისევ ძალაში რჩება, შშმ თემი კვლავ აუცილებელი სერვისების გარეშეა. ლია ტაბატაძის ორგანიზაცია „კავშირი ჩვენი ბავშვებისთვის“ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის ამბობს, რომ წერილის შემდეგ შშმ თემის ინტერესების დამცველი ორგანიზაციების მთავრობასთან კომუნიკაციამ ელექტრონული მიმოწერის ფორმატში გადაინაცვლა, თუმცა დადებითი კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა. „ფაქტია, რომ მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ასეთი კრიზისისთვის და ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი სახლში დატოვება აღმოჩნდა,“- ამბობს ლია ტაბატაძე.

ამ რეალობაზე საუბრობს ინა სოხაძეც, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესისთვის“ დამფუძნებელი. „COVID-19-მა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ეს სულ სხვა რეალობაა. პანდემიამ არათუ შეაფერხა მათი განვითარება, არამედ, რიგ შემთხვევებში, წარსულში მიღწეული შედეგებიც წყალში გადაყარა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბრისას, ბევრი მშობელი წუხს,“- ამბობს ინა სოხაძე.

ის წლებია, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე მუშაობს. ბოლო პროექტი, რომელიც მან ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა, საქართველოს მუზეუმებში ინკლუზიური პროგრამის დანერგვა იყო. ეს პროგრამა საქართველოს 26 სახელმწიფო მუზეუმში განხორციელდა და შედეგად, დაახლოებით 1000-მდე შშმ ბავშვს მიეცა მუზეუმებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ინა სოხაძის თქმით, სწორედ ამ პროგრამების შეჩერებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება იყო ორგანიზაციის დღევანდელი მიზანი, რამაც ახალი პროექტის იდეა გააჩინა. იდეა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ორი სახის განმავითარებელი სამაგიდო თამაშის შექმნას ითვალისწინებდა.

თამაში - „დაინახე და იპოვე“ მოთამაშეებს ავალებს, იპოვონ ერთნაირი საგნები სხვადასხვა პერპექტივაში მოცემული, განსხვავებული ზომის საგნებს შორის, ხოლო მეორე თამაში - „შექმენი შენი კოლექცია“ რამდენიმე ბარათით ერთი ნახატის აწყობის საშუალებას იძლევა.

თამაშები თემატურად ხელოვნებას არ ცდება. ინა სოხაძის ორგანიზაციის მიერ შექმნილ თამაშებში ნახატები მუზეუმში დაცული ნამუშვრების ანალოგია, ანუ ბავშვები, რომლებიც ამ სამაგიდო თამაშებით ითამაშებენ, პარალელურად საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დაცულ ექსპონატებსაც გაეცნობიან.

14 წლის ანანო, რომელიც პანდემიამდე სკოლის გაკვეთილებს ჩვეულებრივად ესწრებოდა, დღეს სახლიდან საერთოდ აღარ გადის. ანანოს დედა ყვება, რომ ბავშვი ირა კოხრეიძის ინკლუზიური დასის წევრია და ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, სპექტაკლებშიც აქტიურად მონაწილეობდა . დღეს ის მხოლოდ ელექტრონულ გაკვეთილებს ესწრება და კვირაში ერთხელ მონაწილეობს დღის ცენტრის „მეგობართა წრის“ დისტანციურ შეხვედრებში. ანანო ერთ-ერთი პირველია, ვისაც ინა სოხაძის ორგანიზაციამ სამაგიდო თამაშები შესამოწმებლად მიუტანა.

„თამაში საკმაოდ სწრაფად აითვისა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მთელი ოჯახი ვთამაშობდით და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აზარტული თამაშია. ჩემი დაკვირვებით, ის კარგია ვიზუალური მეხსიერებისთვის, რომლის განვითარებაც, ანანოს მსგავსად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანანოს ასევე უჭირს საგნების მასშტაბის აღქმა და ამ კუთხითაც ეს თამაში კარგი სავარჯიშოა. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ბარათები შემეცნებითია. აი, მაგალითად ახლა პეპელა აღმოვაჩინეთ, რომელიც თურმე აბრეშუმის მუზეუმის კოლექციიდანაა,“- ყვება ანანოს დედა.

თამაში რომ მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო, ორგანიზატორებმა ბევრი იმუშავეს. ინა სოხაძე ამბობს, რომ თამაშები ფსიქოლოგების დახმარებით შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისოდ აპრობირებულია, შინაარსობრივად საკმაოდ განსხვავდება და დამატებით, ცოდნის მიღებასაც ემსახურება. ევროპის ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია შეძლებს 600 ასეთი თამაში დაამზადოს და ბენეფიციარებს უფასოდ გადასცეს.

„გვესმის, რომ ამ თამაშით განვითარების პროგრამებს ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ თუკი ოჯახებს დავეხმარებით იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა არსებული მდგომარეობა შეინარჩუნონ და მათი განვითარება უკან არ წავიდეს, ჩვენი მისია უკვე შესრულებული იქნება,“- ამბობს ინა სოხაძე.

ყურადღების კონცენტრაცია (ფოკუსირება), ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება, სასაუბრო უნარების განვითარება, ინფორმაციის გადამუშავება, თვალისა და ხელის კოორდინირება - ეს ის უნარებია, რომელთა განვითარებაშიც ბავშვებს სამაგიდო თამაშები დაეხმარება. სოციალური დისტანცირების პირობებში კი ამ უნარებზე მუშაობა შშმ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინა სოხაძის ორგანიზაცია ბენეფიციარების მშობლებისთვის ონლაინ ტრენინგის ჩატარებას გეგმავს, რომ მშობლებმა ბავშვებთან ერთად სწორად შეძლონ ამ თამაშების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG