Accessibility links

8 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები და სასტუმროები


8 ივნისიდან საქართველოში მუშაობის განახლებას შეძლებენ ყველა ტიპის რესტორნები, მათგან ნაწილს, რომელსაც ღია სივრცე აქვს, ამოქმედება 1 ივნისიდანვე შეუძლიათ.

ამას გარდა 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა, - აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს წარმოდგენილი "ეკონომიკის გახსნის" გეგმის დაჩქარება შესაძლებელი გახდა, რადგან კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს წარმოადგინა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა და რისკი გაცილებით ნაკლებია.

ამასთან, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ კორონავირუსი საბოლოოდ არ დაგვიმარცხებია და ისევ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენის ნორმები და ნიღბები გამოვიყენოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG