Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო შემაშფოთებლად მიიჩნევს ლუგარის ცენტრზე რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას


ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის” პროცესის და აგრეთვე, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს.

„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას COVID - 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო „ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში COVID - 19-ის წინააღმდეგ“.

საელჩო აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG