Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცესი არაკონსტიტუციურია


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცესი კონსტიტუციის დარღვევით მიმდინარეობს, - განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს წინ გამართა.

ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს ადამიანს ისე, რომ „ვინც უნდა დანიშნოს, იმანაც კი არ იცის, ვინ არის კანდიდატი“. ანა ნაცვლიშვილის თანახმად, ეს პროცესი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ არაერთ პრინციპს არღვევს:

„კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და უზადო რეპუტაციის მქონე ადამიანი. არანაირი შემოწმება კვალიფიკაციისა და რეპუტაციის არ ხდება. როცა პირველ და მეორე ინსტანციაში ინიშნებიან მოსამართლეები, ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია შეისწავლოს ყველა ინფორმაცია ამ ადამიანებზე და შემდეგ მიდის მსჯელობა.უზენაეს სასამართლოშიც. როცა ინიშნებოდა მოსამართლეები, გახსოვთ, როგორი პროცესიც მიმდინარეობდა. მართალია, ბუტაფორიული და საბოლოოდ ყველამ იცოდა, ვინ დაინიშნებოდა, მაგრამ პროცედურის დონეზე მოწმდებოდა მაინც ადამიანის ბიოგრაფია. დღეს დახურულ კარს მიღმა ხდება ეს. მხოლოდ გუშინ საღამოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პლენუმი უნდა შეკრებილიყო და ამ საკითხზე უნდა ემსჯელათ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი 29 მაისის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნის საკითხს განიხილავს.

“ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს “ქართულ ოცნებას” წინა ხელისუფლებიდან გადმობარებული მორჩილი და უსამართლო მოსამართლეები. კიდევ ერთი მითი ინგრევა იმის შესახებ, თითქოს “ქართული ოცნება” რამეთი განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ზუსტად ისეთია თვითონაც და უარესი, იმიტომ, რომ გვაჩეჩებს ყალბ სასამართლოს”, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ვასილ როინიშვილმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პლენუმის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

“ვფიქრობ, ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები”, - განუცხადა როინიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის 29 მაისის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევაა. ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩნდება 15 ივნისიდან.

15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG