Accessibility links

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი საკონსტიტუციოში არჩეულ როინიშვილს სასამართლო კლანის წევრად განიხილავს


ვასილ როინიშვილი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის არჩევას უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტლებად მიიჩნევს:

„უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაუცველად, მოსამართლეების და საზოგადოების წინასწარი ინფორმირების გარეშე უზენაესი სასამართლოს პლენუმის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს“, - აღნიშნულია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ვასილ როინიშვილი არის სასამართლოს ცნობილი კლანის წარმომადგენელი:

„ის არის ე.წ. ჩინჩალაძის კლანის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის სახელს უკავშირდება 2008 წელს სავარაუდოდ წამებით მოკლული როინ შავაძის მეუღლეზე ციცინო შავაძეზე ზეწოლის განხორციელება მისი გაჩუმების მიზნით და 2010 წელს მოსამართლე ლალი ლაზარაშვილზე ზეწოლის ფაქტი. ამ დროისთვის როინ შავაძის მკვლელობის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვაშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ვასილ როინიშვილის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, მიიჩნევს სასამართლო კლანის ინტერესების ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის გამოხატულებად.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 29 მაისს, 18 ხმით დაუჭირა მხარი ვასილ როინიშვილის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის 29 მაისის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა იყო. ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩნდება 15 ივნისიდან. არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა, პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, პლენუმს კანდიდატურა დაესახელებინა, კანდიდატურისთვის კენჭისყრა კი მოგვიანებით გაემართა.

15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG