Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ტყუილია, რომ თამბაქოს მოხმარება ეწინააღმდეგება კოვიდს


ამირან გამყრელიძე და ლელა სტურუა
ამირან გამყრელიძე და ლელა სტურუა

არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ თამბაქოს მოხმარება დადებით როლს თამაშობს კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში, - განაცხადა 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მითი და ხრიკია იმგვარი კვლევა, რომელიც ბოლო თვეებში გამოქვეყნდა საფრანგეთში.

„ორივე (თამბაქო და კოვიდი) აზიანებს სასუნთქ სისტემას და ქრონიკული დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილია ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება. იწვევს ასევე გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებს. სწორედ თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება - ეს უკვე მრავალი კვლევით დადგინდა - არის კოვიდის მეტად დამძიმებისა და უფრო უარესი გამოსავლის პირობა...

იცით, რომ დაახლოებით ორი თვის წინ საფრანგეთში გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა, რომ თითქოს ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის ინფექციის საწინააღმდეგოდ - იგივე მითია, იგივე ხრიკია ეს. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება და ძალიან გთხოვთ, შევეშვათ დისკუსიას ამის შესახებ. თამბაქო, პირიქით, ამძიმებს კოვიდის ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

31 მაისს მსოფლიო World No Tobacco Day-ის (მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე) აღნიშნავს და ასეა 1987 წლიდან. NCDC-ი ამ თარიღს საგანგებო ლაივ-პრესკონფერენციით ეხმაურება.

წელს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული დღის მთავარი თემა ახალგაზრდებს უკავშირდება - „ახალგაზრდების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისგან“.

„თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს (წლიურად) 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს და ეს არის დაახლოებით 12-14% საერთო სიკვდილიანობისა მსოფლიოში. ჩვენ უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, სადაც თამბაქო ყოველწლიურად იწვევს საერთო სიკვდილიანობის 22%-ს. განსაკუთრებით მოწყვლადია თამბაქოს მოხმარების მიმართ ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში არაერთი ზომა იქნა მიღებული თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან ახალგაზრდების დაცვის კუთხით და ეს პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს, მათ შორის - მითებისა და ხრიკების გამოვლენის გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG