Accessibility links

"აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით!" - ამერიკა საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს


საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩო სამართალდამცველებს პოლიციის დღეს ულოცავს და საგანგებოდ აღნიშნავს მათ როლს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის რთულ პირობებში.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველდღიური რისკის პირობებში ხალხის სიმშვიდეს უზრუნველყოფენ.

„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.

დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით!“ - წერია შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი - მინისტრი, ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა და მისგან სიმბოლური საჩუქარიც მიიღო.

„შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის.

თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ელჩი შს მინისტრს შეხვდა
აშშ-ის ელჩი შს მინისტრს შეხვდა


ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ კელი დეგნანისა და ვახტანგ გომელაურის მსჯელობა რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსაც შეეხო.

„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს ბოლოდროინდელი
განცხადებები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების
მიერ ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახლებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG