Accessibility links

"ვაშინგტონ პოსტი": საქართველოში ყველა ტურისტი ვერ ჩავა


როდესაც საქართველო 1 ივლისს თავის საზღვრებს გახსნის, ქვეყანაში ყველა ტურისტს არ შეუშვებენ, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“ თავის სტატიაში სათაურით - „საქართველო პანდემიისგან დასასვენებელ სამოთხედ იქცევა“.

გამოცემას მოჰყავს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო შეარჩევს ქვეყნებს, რომლებსაც „მეტ-ნაკლებად მსგავსი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“ აქვთ. სტატიაში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ამ სიაში მოხვდებიან: ისრაელი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში შესულ ტურისტებს შესაძლოა მოსთხოვონ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარდგენა.

„თუკი (საზღვრებს) გავხსნით უკლებლივ ყველასთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უსაფრთხოება ერთ დღეში განადგურდება. სამწუხაროდ, ყველა არ არის თანაბარ პოზიციაში. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ COVID-19-თან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს, - აცხადებს ნათია თურნავა.

სტატიის თანახმად, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება დიდწილად ადრეულ ეტაპზე მიღებულმა ზომებმა განაპირობა და, მათ შორის, მაგალითად: „სკოლები ჯერ კიდევ მაშინ დაუხურა, როდესაც ქვეყანაში სულ სამი დადასტურებული შემთხვევა იყო“ და სასტუმროებში 7 000 ოთახი გამოიყო იმ ადამიანების იზოლირებისთვის, რომლებიც საქართველოში მარტის პირველი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ვაშინგტონ პოსტს“ ეუბნება, რომ საქართველოს სასტუმროს სექტორმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ფასეული გამოცდილება მიიღო და მოქნილობაც დაადასტურა - ახალ ნორმებთან მორგების თვალსაზრისით.

„ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ადაპტირებისთვის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რადგან საქმე პროტოკოლების დაცვას შეეხება“, - ამბობს თურნავა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG