Accessibility links

გერმანია რუსეთისგან უშედეგოდ ელის პასუხებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე


ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანელი გამომძიებლები რუსეთისგან უშედეგოდ ელოდებიან პასუხს ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გაგზავნილ შეკითხვებზე.

სააგენტო DPA-ს ცნობით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გერმანიის პარლამენტის წევრმა, სევიმ დაგდელენმა მიმართა იუსტიციის სამინისტროს და პასუხად მიიღო, რომ პროკურატურის მიერ რუსეთში ჯერ კიდევ 2019 გაგზავნილი ორი მიმართვა ამ დრომდე შინაარსიანი პასუხის გარეშეა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

დეკემბრის დასაწყისში, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ დაკვეთილ მკვლელობაში.

რუსეთის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად იძიებდა ბერლინის პროკურატურა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. საპასუხოდ, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG