Accessibility links

TI: კითხვებს აჩენს „ყვარლის ედემთან” დადებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი


COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად დადებული ხელშეკრულებების გარემოებების შესწავლის საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შენიშნავს, რომ „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მისი ყურადღება მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე მიიქცია.

ხელშეკრულების თანახმად, სასტუმრომ 2 თვის ვადით უნდა გამოყოს 45 ნომერი, რომელშიც მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ.

„შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასტუმროს 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები 2013-2019 წლებშიც აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარის ოდენობის თანხა პირადადაც შესწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით მან 2019 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 100,000 ლარი შესწირა. TI-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნებისთვის“ ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც.

მთლიანობაში, „საერთაშორისო გამჭვიორვალობა-საქართველოს“ თანახმად, „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული.

TI-ის ინფორმაციით, კომპანია „ზიმოს“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

„მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის თანახმად, სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG