Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური შუღლის საქმე: დავით ქაცარავას გარეჯთან დაკავშირებით სუს-ში გამოკითხავენ


3 ივნისს, 5 საათზე, დავით გარეჯთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს დავით ქაცარავა. უწყებაში რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ ქაცარავა ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმის ფარგლებში დაიკითხება.

"რასობრივი დისკრიმინაციის რაიმე ნიშანი ჩვენს აქტივობაში არ არის. რადიკალური მოწოდებების ფონი ნამდვილად არ შეგვიქმნია", - ამბობს ქაცარავა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

დავით ქაცარავა და მისი „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ პატრიოტული მოტივებით ხშირად მოძრაობს მონასტრის ტერიტორიაზე და პროტესტს გამოხატავს აზერბაიჯანული მხარის მიმართ და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს განაცხადა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

„ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ეს პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG