Accessibility links

ბელარუსის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რამან გალოუჩანკა


რამან გალოუჩანკა

ბელარუსის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რამან გალოუჩანკა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო.

გუშინ ლუკაშენკამ დაითხოვა სიარჰეი რუმასის მთავრობა. ლუკაშენკას თქმით, მას არ ჰქონდა პრეტენზიები წინა მთავრობის მიმართ, მაგრამ რუმასმა ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა.

გალოუჩანკა 46 წლისაა, მან დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი და ბელარუსის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია. სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ქვეყნის უშიშროების საბჭოსა და გენერალურ პროკურატურაში, ასევე სხვა უწყებებში.

მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების გეგმებზე ლუკაშენკამ ჯერ კიდევ 25 მაისს გააკეთა განცხადება. მაშინ მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ლუკანშენკამ განმარტა, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტის რეგისტრაციის შემდეგ ყოველთვის ვაცხადებდით მთავრობის ახალ შემადგენლობას არჩევნებამდე.“ მისი თქმით, ეს მეთოდი გამოიყენება ამომრჩევლის ნდობის ასამაღლებლად.

ლუკაშენკა 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსედ იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG