Accessibility links

ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიის წინ აშშ-ში საპროტესტო აქციებმა მშვიდი ხასიათი მიიღო


აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შედარებით მშვიდად ტარდებოდა პოლიციელის მიერ დაკავების შედეგად გარდაცვლილი შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიის წინ.

სამიდან პირველი მემორიალური ცერემონია 4 ივნისს ნაშუადღევს გაიმართება მინეაპოლისში. მასზე სიტყვით გამოვა სასულიერო პირი და სამოქალაქო უფლებების ცნობილი დამცველი ალ შარპტონი.

ანტირასისტული დემონსტრაციები გრძელდება ევროპაშიც. საპროტესტო აქციაა დაგეგმილი აშშ-ის საელჩოებთან ვარშავასა და ვენაში. გუშინ ლონდონში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონში, ჰაიდ პარკში. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აშშ-ში დემონსტრაციებმა უფრო მშვიდი ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც მინესოტის პროკურატურამ კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალდება და ბრალდება დაუმძიმა დერეკ შოვენს, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობდა ფლოიდის ინციდენტში.

მინესოტის გენერალურმა პროკურორმა კით ელისონმა 3 ივნისს განაცხადა, რომ ამ სამ პოლიციელს ბრალი ედება მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და წაქეზებაში. ისინი დაკავებული არიან. გარდა ამისა, პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა შოვენს, რომელიც 25 მაისს მინეაპოლისში დაკავებულ ფლოიდს ყელზე აჭერდა მუხლს. პოლიციელებს ფლოიდი ყალბი ფულის გამოყენების ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.

ახლა შოვენს ემუქრება მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება, რისთვისაც გათვალისწინებულია 40 წლამდე პატიმრობა. მანამდე მას წაყენებული ჰქონდა მესამე კატეგორიის მკვლელობის ბრალდება, რაც მაქსიმუმ 25 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG