Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენ ავაკოვის მოადგილე ხატია დეკანოიძეს ადანაშაულებს პოლიციის რეფორმის წარუმატებლობაში


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშჩენკო უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსს, ხატია დეკანოიძეს ადანაშაულებს უკრაინაში პოლიციის რეფორმის წარუმატებლობაში.

„ვთვლი, რომ ხატია დეკანონიძის მიერ ორგანიზებულმა ატესტაციამ გამოიწვია პოლიციის დაშლა და, მათ შორის, არ მოუტანია არავითარი შედეგი. მაგალიათად, ორიდან ერთ-ერთმა მოძალადემ (პოლიციელი, რომლებსაც ქალების გაუპატიურებასა და წამებაში ედებათ ბრალი) წარმატებით გაიარა დეკანოიძის მიერ ორგანიზებული ატესტაცია. საკმარისია?“, - ასე უპასუხა ანტონ გერაშჩენკომ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის შეკითხვაზე.

ხატია დეკანოიძეს 2015-2016 წლებში ეკავა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის პოსტი.

დეკანოიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული პოლიციის რეფორმების წარუმატებლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებით ჩატარებული ატესტაციის დროს სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელების 93%-მა სასამართლოების გზით შეძლო სამსახურში აღდგენა.

ამ განცხადების ფონია, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციური ფრაქცია „გოლოსის“ დეპუტატების მიერ დაწყებული ხელმოწერების შეგროვების კამპანია შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რისი მიზეზიც გახდა 25 მაისს ქალაქ კაგარლიკის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული ქალების ცემა და გაუპატიურება პოლიციელების მიერ.

ამ წუთებში უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ იმყოფება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პარლამენტარების წინაშე გამოდის ანგარიშით და მოგვიანებით მათ შეკითხვებს უპასუხებს. უკრაინის პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეები ავაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

არსენ ავაკოვი 2014 წლის თებერვალში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და მან ეს თანამდებობა ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგაც შეინარჩუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG