Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოღოს მომრავლების გამო კახეთში 10 000 ჰა ფართობს „თერმული ნისლით“ დაამუშავებენ


კახეთის 5 მუნიციპალიტეტში - სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში - 10 000 ჰექტარ ფართობს „თერმული ნისლით“ დაამუშავებენ. ბრძანება სამუშაოების ჩატარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. ღია სივრცეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაამუშავებენ.

მოსახლეობის ნაწილი, უკვე რამდენიმე კვირაა, თვითმმართველობებს მიმართავს თხოვნით, კოღოს გამრავლების გამო ტერიტორიები შეიწამლოს.

ამ პრობლემაზე მასალა რადიო თავისუფლებამ 3 ივნისს მოამზადა.

მასალის მიხედვით, ლაგოდეხის სოფელ საქობოში, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მალარიის გავრცელების საფრთხეზე ლაპარაკობენ. მოსახლეობის ნაწილის თქმით, წყალდიდობის დროს ტერიტორიები დაიტბორა, რამაც კოღოს გამრავლება გამოიწვია. ამ სოფელში მწერის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ყოველ წელს ადრე გაზაფხულზე ტარდებოდა, თუმცა წელს ასეთი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა.

მოსახლეობის ნაწილი შიშობს, სოფლებში, იქ, სადაც მაისის თვეში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ტერიტორიები დატბორა, მალარიის გავრცელება არ დაიწყოს.

სოფელ საქობოში მცხოვრები მაგდა თავგორაშვილი გვეუბნება, რომ კოღოს სიმრავლის გამო, უკვე ორ კვირაზე მეტია, საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ გამოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლამდე ლაგოდეხში, მდინარე ალაზანთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფლებში, მალარია მწვავე და გადაუჭრელი პრობლემა იყო. იმ ხანებში მხოლოდ სოფელ ჰერეთისკარში მალარიით 50 ადამიანი იყო დაინფიცირებული.

XS
SM
MD
LG