Accessibility links

დააჯარიმეს ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ჩატარებული აქციის მონაწილეები


ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის (ლავასოღლის) მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთი კი სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები გონიოსთან, სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევისათვის დააკავეს. ისინი ბათუმიდან სარფის საბაჟოსთან მისასვლელი გზის გადასაკეტად მიდიოდნენ.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ, რომ მან სასჯელი საქართველოში მოიხადოს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

ამ დროსთვის აქციის ოთხ მონაწილეს პროტესტი ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, 7 კი, მეხუთე დღეა, შიმშილობს.

საქართველოში მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით, ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG