Accessibility links

ვარშავა იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს


მატეუშ მორავეცკი

ვარშავამ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება გერმანიაში განთავსებული აშშ-ის სამხედროების ნაწილის პოლონეთში გადანაცვლება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის მიერ 6 ივნისს გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა გერმანიასა და აშშ-ში გავრცელებული ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს უბრძანა შეამციროს გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა.

"მყარად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი არაერთი საუბრის შედეგად... იმ სამხედროთა ნაწილი, რომლებიც გერმანიაში არიან განთავსებულნი და რომლებიც აშშ-ს იქიდან გამოყავს ... პოლონეთში გადმოინაცვლებს" - უთხრა მორავეცკიმ კერძო რადიოსადგურ RMF24-ს და დასძინა: "გადაწყვეტილება ახლა აშშ-მა უნდა მიიღოს".

5 ივნისს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა გერმანიაში შესაძლოა 9,500 ჯარისკაცით შემცირდეს. ამჟამად იქ 34,500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული. გამოცემის თანახმად, გერმანიაში მუდმივად ან როტაციით მყოფი აშშ-ის სამხედროთა მაქსიმალური რიცხვი 25,000 იქნება.

გერმანიის გამოცემა Der Spiegel-მა ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ამ ზომას 2020 წლის შემოდგომისთვის გაატარებენ და სამხედროთა რიცხვი 5,000-დან 15,000-მდე ჯარისკაცით შემცირდება.

ტრამპი დიდი ხანია ჩივის, რომ გერმანია არ ასრულებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას - სამხედრო სფეროზე მშპ-ის 2 პროცენტის გაღებას.

სააგენტო როიტერსმა მოიტანა აშშ-ის ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვები, რომ ამერიკელ სამხედროთა ნაწილი შეიძლება პოლონეთში და სხვა მოკავშირე ქვეყნებში მიავლინონ, ნაწილი კი შინ დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG