Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ გერმანელი ნეონაცისტები წვრთნებს რუსეთის ტერორისტულ ბანაკში გადიან


"რუსეთის იმპერიული მოძრაობის" წევრი
"რუსეთის იმპერიული მოძრაობის" წევრი

გერმანელი ნეო-ნაცისტები გასამხედროებულ წვრთნებს რუს ულტრანაციონალისტურ ჯგუფთან ერთად გადიან სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე ბანაკში - იუწყება გერმანიაში გამომავალი ჟურნალი Focus-ი 5 ივნისს.

გერმანიის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ულტრამემარჯვენე ეროვნული დემოკრატიული პარტიის (NDP) ახალგაზრდულმა ფრთამ და ნეონაცისტურმა ჯგუფმა "მესამე გზა" წვრთნა გაიარეს ბანაკში, რომელსაც რუსეთის იმპერიული მოძრაობა განაგებს.

აპრილში აშშ-მა რუსეთის იმპერიული მოძრაობა, მის სამ ლიდერთან ერთად, ტერორისტებად გამოაცხადა - რაც პირველი შემთხვევა იყო ამ კლასიფიკაციის შეფარდებისა თეთრკანიანთა უპირატესობის იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფისთვის.

Focus-ი წერს, რომ გერმანელმა ნეონაცისტებმა წვრთნა გაიარეს იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებაში, ივარჯიშეს ჩხუბის ილეთებში ბანაკში, რომელსაც "პარტიზანი" ეწოდება. ამავე სტატიაში წერია, რომ ამ წვრთნების გავლის შემდეგ რამდენიმე გერმანელი, ისევე, როგორც შვედები და ფინელები, აღმოსავლეთ უკრაინაში შეუერთდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ გასამხედროებულ ჯგუფებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოცემას უთხრეს, რომ წვრთნების შესახებ იციან, თუმცა მემარჯვენე ექსტრემისტებს იურიდიული მიზეზების გამო ვერ აუკრძალეს რუსეთში ჩასვლა.

Focus-ის თანახმად, გერმანიის უშიშროების წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ ბანაკების არსებობის შესახებ იცის და მათ არ აღკვეთავს.

რუსეთის იმპერიული მოძრაობა საკუთარ თავს აღწერს "რუსულ მართლმადიდებლურ ეროვნულ-პატრიოტუ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფი ასევე ესწრაფვის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რომელშიც, მისი თქმით, რუსი ხალხის "სამი შტო" იქნება წარმოდგენილი - რუსები, უკრაინელები და ბელორუსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG