Accessibility links

აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ


ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთთან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა მხოლოდ დღეს, 9 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია 6 ივნისს, ე.წ. საზღვარზე საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან ერთად, საქართველოდან აფხაზეთში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 6 ივნისს დააკავა 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია“.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეს პირები გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარაში დააკავეს. აფხაზები ასე უწოდებენ სოფელ ლეკუხონას, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება.

დაკავებულები დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ მუხლით. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, ეს ქმედება ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 3 მოქალაქის დაკავების გამო ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG