Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესიაშვილი: თავდაცვის სამინისტროს ხარჯი 75 მილიონით მცირდება, 30 მილიონი საერთაშორისო ხელშეკრულებაა


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ხარჯი 75 მილიონი ლარით უმცირდება. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამ თანხიდან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ვალდებულებაც მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა ჟურნალისტებთან, საუბარია ხელშეკრულებაზე საფრანგეთთან:

„საფრანგეთს გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო. შესაბამისად, ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში.

ეს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საფრანგეთისგან ვიღებთ გარკვეულ სამხედრო პროდუქციას, შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით, წარმოიქმნა მოწოდების და ინსტალაციის პრობლემა და ამანაც ვადაში გადაიწია, თუმცა, პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და ცხადია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უთხრეს, ესაა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 10 ივნისს მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტს. კომიტეტის სხდომაზე პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა -4%-ს შეადგენს, რაც 1.8 მლრდ ლარის შემოსავლების შემცირებას გულისხმობს.

რაც შეეხება უწყებების დაფინანსების შემცირებას, პროექტის მიხედვით, პარლამენტის დაფინანსება 4 მლნ ლარით მცირდება, 1 მლნ ლარი დააკლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, 12 მლნ - ფინანსთა სამინისტროს, 26 მლნ - ეკონომიკის სამინისტროს, 251 მლნ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 75 მლნ - თავდაცვის სამინისტროს, 10 მლნ - შსს, 127მლნ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების დაფინანსების ნაწილში კი, ჯამში, 300 მლნ ლარის კლებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG