Accessibility links

ელჩი დეგნანი: საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება


ელჩი კელი დეგნანი „წითელი ჯვრის" გორის ოფისში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თქვა, რომ არ გაცნობია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ნათქვამია, რომ „საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა“.

„არ მინახავს წერილი, გორში ვიყავი, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიტყვი წარსული გამოცდილებით, კონგრესის მხრიდან კომუნიკაცია ნიშნავს, რომ მათ ძალიან აინტერესებთ საქართველო, მათ აღელვებთ საქართველო, ისინი აღიარებენ საქართველოს მნიშვნელობას და მათ სურთ მისი წარმატება“, - აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან.

როგორც დიპლომატი ამბობს, მართალია, მას წერილი არ უნახავს, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

კელი დეგნანი განმარტავს, რომ დოკუმენტის ავტორები საკანონმდებლო შტოს წარმოადგენენ.

„ჩემი ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს სახელით მე ვერ ვისაუბრებ, მე სხვა შტოს წარმოვადგენ, ეს კითხვა უფრო კონგრესის მისამართითაა, მაგრამ ამერიკის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ და ვეძებთ კოოპერაციის შესაძლებლობებს საქართველოსთან და გვაქვს ბევრი ინიციატივა, იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და მისი წარმატების. აქ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყოფნა, იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, - თქვა დეგნანმა.

დიპლომატმა ილაპარაკა ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ. „ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაქვს საქართველოს და აშშ-ს უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული ერთმანეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის მშენებლობაში, ბევრი მიმართულებით.

მე ვფიქრობ, კოვიდ 19-ის გარშემო თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად მართა კრიზისი და ჩვენც ვამაყობდით საქართველოსთან თანამშრომლობით, წითელი ჯვრის თუ სხვა სააგენტოების დახმარებით, გვსურდა დავრწმუნებულიყავით, რომ საგანგებო მდგომარეობა ეფექტურად არის მართული, რათა საქართველოს ჰქონოდა ეკონომიკური ზრდის საშუალება, რაც მას ასე უნდა და სჭირდება, ჩვენ კი გვსურს ამის მიღწევაში დავეხმაროთ”, - ამბობს კელი დეგნანი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების აუცილებლობას, რესპუბლიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ სანქციები საკმარისად არ შეხებია პუტინის საგარეო პოლიტიკას და მისი მეგობრები ხელყოფენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს.

ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG