Accessibility links

თსუ-ის თანამშრომელს დაუდასტურდა COVID – 19


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე [მაღლივი] კორპუსის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს COVID – 19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც უნივერსიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ, დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

თსუ-ის ცნობით, დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

განცხადების თანახმად, თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 831 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 694, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG