Accessibility links

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 გორსა და კასპშია


გორში კორონავირუსი დაუდასტურდა ავეჯის მაღაზიის თანამშრომელ ქალს. პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი - ოჯახის წევრები და თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნა. მათ შორის, ინფიცირებული ქალის შვილის, რომელიც ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია. ეკა ქორჩაშვილის თქმით, შვილს სამსახურში კონტაქტები თითქმის არ აქვს, რადგან დისტანციურად მუშაობდა, თუმცა, გამოკვლევას ამ ორგანიზაციის თანამშრომლებსაც ჩაუტარებენ.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა კასპშიც. ამ ახალ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა თბილისის ერთ-ერთი კლინიკის დაინფიცირებულ ექთანთან.

11 ივნისის დილიდან 12 ივნისის დილამდე საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 3 სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია, 3 კარანტინის ზონაში იმყოფებოდა, 2-ს კონტაქტი ჰქონდა ადრე ინფიცირებულ პირებთან, 1-ის დაავადების წყარო კი უცნობია.

12 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 837 შემთხვევაა. მათგან 697 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG