Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა: ტრანსპორტში, რესტორნებსა და თავშეყრის ადგილებში გამკაცრდება დადგენილი წესების კონტროლი


საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება. გადაწყვეტილება ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე იქნა მიღებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გაზრდილი მობილობის პირობებში რისკები იზრდება და, შესაბამისად, რესტორნებში, სარეკრეაციო სივრცეებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი ჯარიმები იქნება გამოყენებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.

ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ ვერ დგინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG