Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მაჟორიტარი ღარიბაშვილს: ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მინდა ასე აზროვნებდეს მომავალი თაობა


საქართველოს პარლამენტის წევრი და ქუთაისი მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე დადებითად აფასებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას. მან კითხვის დასმის დროს მინისტრს უთხრა, რომ ქედს იხრიდა მის წინაშე.

"ბატონო ირაკლი, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ჯარის წინაშე - ეს სიტყვები არის გულიდან ამოსული. ეს არ არის დაწერილი, მოგონილი, ეს არის ჩემში. მე მინდა ასე [თქვენსავით] აზროვნებდეს ჩვენი მომავალი თაობა. სკოლებში, ბაღებში, ოჯახებიდანვე უნდა გავზარდოთ ჩვენ ჯარისკაცებად ჩვენი ქართველები", - თქვა მან.

მან პრობლემა უწოდა იმ რელიგიური ორგანიზაციების დაარსებას, რომელიც მოქალაქეებს ჯარში წასვლისგან თავის დაღწევის გზას სთავაზობს. მხეიძეს სჯერა, რომ ღარიბაშვილი ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც ამ "პრობლემას გადაჭრის".

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სკოლაში. ჩვენ თუ ახალგაზრდებს თავიდანვე არ შევუწყეთ ხელი განვითარებაში, ხეს - გაზრდილს ვერაფერს ვერ უზამ. აი, როდესაც იზრდება მაშინ უნდა შეუწყო ხელი. ჩათვალეთ, ეს არის ჩემი, ქუთაისლების, მთელი საქართველოს აზრი. მე ბევრ ადამიანს შევხვდი, ჩემთან ქალაქშიც შევხვდი სკოლებში ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს და ყველას მოთხოვნა არის, რომ მაქსიმალურად გავაქტიურდეთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციის კუთხით", - თქვა მან.

დღეს, 12 ივნისს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენებით წარდგა. ახლა მას მმართველი პარტიის წევრები კითხვებს უსვამენ, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა კი ბოიკოტის გამო დასწრებაზე უარი თქვეს. ამავე მიზეზით არ ესწრება სხდომას რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG