Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ბელარუსში დააკავეს „ბელგაზპრომბანკის“ 15 თანამშრომელი. ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლუკაშენკას ოპონენტია


სამართალდამცველებმა ბელარუსში დააკავეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ბელგაზპრომბანკის“ 15 თანამშრომელი. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ამ ბანკს ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ბელარუსის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც 9 აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ რეალურ პრეტენდენტად ითვლება.

ბანკის თანამშრომლები დააპატიმრეს ფულის გათეთრებისა და გადასახადების თავის არიდების ბრალდებით, რაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში აცხადებენ, რომ „ბელგაზპრომბანკის“ შიგნით მოქმედებდა ჯგუფი, რომელიც ფულს რიცხავდა საზღვარგარეთ. გამოძიებას თითქოს აქვს „დამაჯერებელი მტკიცებულებები“ დანაშაულში ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბაბარიკოს თანამონაწილეობის შესახებ.

ვიქტორ ბაბარიკო ოცი წლის განმავლობაში, 2000-2020 წლებში ედგა სათავეში „ბელგაზპრომბანკს“

ბაბარიკოს დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 9 აგვისტოსთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

თავისი ფინანსური რესურსებითა და რუსეთთან კავშირებით, ვიქტორ ბაბარიკო უკვე მიიჩნევა წინასაარჩევნო ბრძოლის ფავორიტად, რაც რამდენიმე ინტერნეტგამოკითხვამ დაადასტურა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.

ალექსანდრ ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG