Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ


პოლიციამ პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა დაეშალა დიდწილად მშვიდობიანი, მაგრამ უნებართვო საპროტესტო აქცია, რომელიც რასიზმისა და პოლიციის ძალმომრეობის წინააღმდეგ გაიმართა.

13 ივნისს ათასობით დემონსტრანტი დაიძრა პარიზში რესპუბლიკის მოედნიდან ქალაქის ოპერის თეატრის მიმართულებით.

მარში მოეწყო მიუხედავად საფრანგეთში კორონავირუსის გამო მოქმედი აკრძალვისა, რაც დაუშვებლად მიიჩნევს ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე საათში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო დემონსტრანტთა შევიწროება მას შემდეგ, რაც ბრბოდან პოლიციის მიმართულებით დაიწყეს სხვადასხვა ნივთების და რაკეტების სროლა.

ბრბოა აპირებდა მთელი ქალაქის გავლას მარშით, მაგრამ კორონავირუსის საფრთხის გამო პოლიცია შეეცადა მათთვის არ მიეცა გადაადგილების საშუალება.

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, - სკანდირებდნენ პარიზის ცენტრში 13 ივნისს გამართული მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც აპროტესტებენ პოლიციის ძალმომრეობისა და რასიზმის გამოვლინებას პოლიციის ორგანოებში.

პარიზში მიმდინარე აქცია არის გამოძახილი აშშ-ში დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა, რომელმაც იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

შაბათსვე საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე ლონდონში, სადაც ულტრამემარჯვენეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

XS
SM
MD
LG