Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი აბრამაშვილი: აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი ეჭვს აჩენს


ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ხანძრების რაოდენობამ იმატა. სახანძრო. სამაშველო სამსახურში აბასთუმნის ტყეში გაჩენილ დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შეტყობინება 14 საათისთვის შევიდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა აქრობდა. მოგვიანებით ცოცხალ ძალას 2 ვერტმფრენი შეუერთდა, რომლებიც სოფელ უდის საგუბრიდან ავსებდნენ წყალს.

თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ განუცხადა.

,,აბასთუმნის ცენტრში, პარკ როშადან მარჯვენა მხარეს, ხანძარი ფოთლოვან ტყეს გაუჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მ.-ს ეკიდა. ტყის მასივია, ბალახიც არის და ფოთოლიც. ხანძრის ლოკალიზება მალევე შევძელით. საბედნიეროდ, ცეცხლი წიწვოვანში არ გადასულა. გუშინ მთელი ღამე წვიმდა. ხანძარი, სავარაუდოდ, გუშინ ხეზე დაცემულმა მეხმა გამოიწვია, რომელიც ნელ-ნელა აალდა“, - აცხადებს ადიგენის მერი.

მეხის ჩამოვარდნით ხანძრის გაჩენის ვერსია მალევე უარყო სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. გიორგი აბრამაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის კერები დრონების მეშვეობით აღმოაჩინეს, რომლითაც ტყის მასივი კონტროლდება. მხარის მთავარი მეხანძრე არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ხელოვნურად იყოს გაჩენილი.

ნიადაგი და ტყის მასივი სველია, სპეციალისტებისთვის ეს საკმაო ეჭვს აჩენს, რომ აქ ხანძარი არ უნდა განვითარებულიყო. ადგილი ისეთია, რომ იქ არც ტურისტი დადის და არც ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან არც ბილიკია და არც მისასვლელი გზა, მანქანითაც შეუძლებელია მისვლა. მონიტორინგზე მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - განმარტავს გიორგი აბრამაშვილი.

აბასთუმანში მერის წარმომადგენელი ვასილ გეგენეიშვილი ამბობს, რომ დამწვარია 500 კვ.მ.-დე მეტრი ფოთლოვანი ტყის მასივი.

შსს-ს ცნობით, კურორტზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ ადგილი სახანძრო მანქანებისთვის მიუდგომელია, ცეცხლის კერებთან მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

XS
SM
MD
LG