Accessibility links

ეკა ბესელია ამნისტიას ითხოვს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრების ნაწილისთვის


ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრების ნაწილისთვის ამნისტიას ითხოვს და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან ამნისტიის აქტით, შემდეგ კი სასჯელთა შეკრების წესის გაუქმებით ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილი გათავისუფლდა, საპატიმროში მაინც დარჩნენ პატიმრები, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებების გამო იხდიან სასჯელს:

„საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ. ამ ცვლილებების მიღებას ეს პარლამენტი აღარ აპირებს და სწორედ ამიტომ, ვაინიცირებთ ამნისტიის პროექტს, რათა უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პატიმრები, ვინც ამ დრომდე ელოდებოდა სამართლიან გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების ნაწილის ამნისტიის პროექტის მიხედვით:

  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისათვის, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;
  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;
  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა/ შენახვისათვის, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს მოეხსნებათ ნასამართლობა და აღუდგებათ ჩამორთმეული უფლებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG