Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი: თეორიულად არჩევნებმა შესაძლოა დეკემბრისთვის ან იანვრისთვის გადაიწიოს


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ თეორიულად შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში ან იანვარში გაიმართოს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონკრეტული მოცემულობით არჩევნებით ვირუსის გავრცელების რისკი გაჩნდება და შესაძლოა საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს:

„თუ თეორიულად არჩევნები შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია, ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. და შესაძლებელია, აქედან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი, როგორც გითხარით, არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება და კონსტიტუციის მიხედვით არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. ანუ, თეორიულად, თუ ესეთი განვითარება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია არჩევნებმა გადაიწიოს დეკემბრისთვის ან თუნდაც იანვრისთვის“, - განმარტა გიორგი კახიანმა „რუსთავი-2“-თან.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 13 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვევა, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის შემოღება კვლავ გახდეს საჭირო. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, არჩევნების თარიღიც გადაიწევს და, პირობითად, დეკემბერში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG